среда, 1 июня 2011 г.

რატომ არ ანებივრებს საჩუქრებით მეუღლეს "შუა ქალაქის" ვახო და რის გამო დატოვა თიკამ სერიალი წყარo


უკვე რამდენიმე თვეა, კახა ჯოხაძის გმირი ვახო ყურებამდეა შეყვარებული, მაგრამ თამარ ღლონტის გულის მოგება ვერაფრით ვერ მოახერხა. ვახო იმედს არ კარგავს. მის მხარეს არიან მეზობლები, მეგობრები, ქეთევან ღლონტიც კი, მაგრამ თამარ ღლონტი მყარად დგას და ვახო, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, საერთოდ არ აინტერესებს.


- ვახო, სერიალში თამარის გამო ვისი წყალობით იტანჯები?
- ეს ნამდვილად არ ვიცი. სერიალში რომ მივედი, უკვე ვიცოდი, რომ თამარის შეყვარებული უნდა ვყოფილიყავი. მერე პერსონაჟმა გაამართლა. ნეტავ, ასე კიდევ დიდხანს მაწვალონ. მაყურებელმაც კარგად მიიღო ვახოს პერსონაჟი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რეიტინგული პერსონაჟია, მაგრამ დადებითი გმირია. ყოველთვის ვამბობ, რომ ვახოს დადებით პერსონაჟად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა თავად თამარმა. მას იმდენი მაყურებელი ჰყავს, ორ პერსონაჟსაც ეყოფა. თამარი აქამდე რომ გათხოვილიყო, მის პერსონაჟს ელფერი დაეკარგებოდა.  
- როგორ ფიქრობ, როგორ უნდა მოიქცეს ვახო, რომ თამარმა შეიყვაროს?
- მსგავს სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ. ჩემი პერსონაჟის მსგავსი რომანტიკოსი არ ვარ. ბუნებით რეალისტი გახლავართ. ვახო ისეთ რამეებს აკეთებს, რაც მე ცხოვრებაში არ გამიკეთებია. ბოლო სერიებს თუ მიაქციეთ ყურადღება, თამარი ვახოს კატეგორიულ უარს აღარ ეუბნება, ვახო გადაყოლილია მასზე. 

- ვახო მოგწონს როგორც პერსონაჟი?
- ძალიან დადებითი ადამიანია. მე მასში უარყოფითი მხარე ვერ დავინახე. "შუა ქალაქის" ნებისმიერი პერსონაჟი რომ აიღო, ცუდ მხარეს ვერ მოუძებნი. 
- თათულის მეუღლეს იცნობ?
- კი, მიშას ძალიან კარგად ვიცნობ. გადასარევი ადამიანია.
- რას გეუბნება, თათულიმ მეც ვახოსავით მაწვალაო?
- ამ თემაზე არასდროს გვილაპარაკია. სუფრასთან ხშირად შევხვედრივარ.
- ვახოს ჰგავს?
- არანაირად არ ჰგავს (იცინის). ალბათ თათულიც არ გაჰყვებოდა მას, ვახოსნაირი რომ ყოფილიყო.
- რატომ ფიქრობ ასე?
- ძნელია ვახოსნაირ ბიჭთან ცხოვრება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. მე ნამდვილად არ ვიცნობ ვახოსნაირ გადამკვდარ შეყვარებულ ადამიანს. ასეთი შეყვარებული არც სამეზობლოში და არც სამეგობროში არავინ მყავს. 

- მეუღლე რომ შეგიყვარდა, არ ანებივრებდი?
- მომავალი მეუღლისთვის არაფერი მიჩუქებია შეყვარებულობის პერიოდში. საჩუქრები ჩემთვის ბევრ რამეს არ ნიშნავს. ყოველთვის მერჩივნა, გრძნობით მიმეხვედრებინა და დამენახვებინა, რომ მიყვარდა. ოჯახი რომ შევქმენით, ნინოს დაბადების დღეც კარგად მახსოვს. ზუსტად მახსოვს ის თარიღიც, როცა პირველად ავუხსენით ერთმანეთს სიყვარული. ნიშნობის დღესაც ყოველთვის აღვნიშნავ. 

ჩემთვის მთავარი იყო, ნინო ჩემი გრძნობით მიმეხვედრებინა, როგორ მიყვარდა და არა ყვავილების რაოდენობით. ჩემი და ჩემი მეუღლის სიყვარულის ისტორია ჩვენი სტუდენტობის დროს დაიწყო. თეატრალურის სტუდენტები ვიყავით და ვცდილობდით, ორიგინალურობით გამოგვეჩინა სიყვარულში თავი.
- როდის დაოჯახდით?
- მე და ნინო შერმადინმა მეორე კურსზე სწავლისას გადავწყვიტეთ დაოჯახება. "შუა ქალაქის" გოგონები სულ მეხვეწებიან, მოიყვანე შენი მეუღლე და გაგვაცანიო. თათული მეუბნება, ნახევარი წელია, ჩვენთან ხარ, უკვე დროა გავიცნოთ, არ იეჭვიანოსო. ჩემი მეუღლე და მე ეჭვიანები არანაირად არ ვართ. 
- "შუა ქალაქმა" შენი ცხოვრება თუ შეცვალა?
- ამ სერიალმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ყოველთვის მინდოდა, ქუჩაში რომ გავივლიდი, ხალხს ვეცნე. ბევრი პოპულარული ადამიანი ამბობს, ეს მომაბეზრებელიაო, მაგრამ ქვეცნობიერად ყურადღება ყველას სიამოვნებს. მსახიობობასთან შეხება წლების განმავლობაში არ მქონია. ინსტიტუტი რომ დავამთავრეთ, ლევან წულაძემ ვაკის "თეატრალურ სარდაფში" აგვიყვანა რამდენიმე მსახიობი. ჩვენთან ერთად იყო ლელა მებურიშვილიც, "შუა ქალაქში" თიკას როლს ვინც თამაშობდა. "სარდაფის" შემდეგ სპექტაკლებში აღარ მითამაშია. პროფესია შევიცვალე. ბავშვები გაჩნდნენ, მამა გარდამეცვალა. ოჯახში მამაკაცი არავინ იყო და იძულებული გავხდი, მაღალანაზღაურებადი სამსახური მომეძებნა. ჩემდა სამწუხაროდ, მსახიობობას მოვწყდი. ჩემი მეუღლეც ჩამოშორდა მსახიობობას. ახლა ბავშვებს უვლის და ჯერჯერობით თეატრში დაბრუნებაზე არც ფიქრობს.
- ლელა მებურიშვილი "შუა ქალაქში" რატომ აღარ ჩანს? მისი ოთახი დიდი ხნით დაიკავე?
- სცენარის მიხედვით, თიკას ნაქირავები ბინა მე ვიყიდე. როგორც ვიცი, ლელასთან დაკავშირებით სერიალის მესვეურებს სხვა გეგმები აქვთ. დაწვრილებით ვერაფერს ვიტყვი.

კახასთან ინტერვიუს შემდეგ თიკას როლის შემსრულებელ ლელა მებურიშვილს დავუკავშირდი.
- სერიალიდან წამოვედი. მაყურებელი თიკას როლში ვეღარ მნახავს.

- რატომ მიიღე ასეთი გადაწყვეტილება?
- დათო გოგიჩაიშვილის გუნდი ახალი სერიალის გადაღებას იწყებს. გადაწყვიტეს, იქ ერთ-ერთი მთავარი როლი მეთამაშა. ორივე სერიალში ვერ ვიქნებოდი და შესაბამისად, "შუა ქალაქიდან" წავედი.

- გული არ დაგწყდა?
- რა თქმა უნდა, გული დამწყდა. ძალიან კარგი მსახიობები არიან "შუა ქალაქში" და ერთად არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით. მაგრამ ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, უკეთესი იქნება, თუ განსხვავებულ სერიალში ვითამაშებ.

- ახალი სერიალი "შუა ქალაქისგან" განსხვავებული იქნება?
- ახალი როლი რომ შემომთავაზეს, პირველად ის ვიკითხე, თიკასგან ხომ აბსოლუტურად განსხვავებული იქნება-მეთქი. დადებითი პასუხი რომ მივიღე, სიამოვნებით დავთანხმდი. ახალ სერიალზე მეტს ვერაფერს გეტყვი, მგონი, ისედაც ბევრი რამ გაგიმხილეთ (იცინის).

Комментариев нет:

Отправить комментарий