среда, 1 июня 2011 г.

ლელა მებურიშვილი პირადი ცხოვრების გააქტიურებას ითხოვს


ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ზე სერიალ "დეტექტივების" გმირები დაგვიბრუნდნენ. ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი ლელა მებურიშვილი თამაშობს. ჩვენ სწორედ ლელას ერთ დღეს გადავხედეთ, რომელიც ძალიან დატვირთული აღმოჩნდა. თეატრთან ერთად ის "დეტექტივების" მეორე სეზონის გადაღებებში აქტიურადაა ჩართული და სახლში ხან ღამის სამ საათზე და ხანაც გამთენიისას ბრუნდება. მიუხედავად ამისა, ლელამ ჩვენთვის მაინც გამონახა დრო და ეს ინტერვიუც შედგა. 

- ყოველდღე ერთი და იმავე რეჟიმით არ ვცხოვრობ, აქედან გამომდინარე, შეიძლება ერთ დღეს რვის ნახევარზე გავიღვიძო, მეორე დღეს კი - თერთმეტზე.

- დილის ძილი გიყვარს?
- კი, ძალიან მიყვარს, მაგრამ როცა ვიცი, რომ საქმე მაქვს და ადრე უნდა ავდგე, ადვილად ვფხიზლდები. თუ ცხრაზე ვარ ასადგომი და შვიდზე გამეღვიძება, მოხარული ვიქნები, რადგან მესიამოვნება იმის შეგრძნება, რომ ორი საათი კიდევ შევძლებ დაძინებას, ამ საკითხში ხუთ წუთსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის (იღიმება).


- დილას ყავით იწყებ, ჩაით თუ საუზმით?
- ყავას არასდროს ვსვამ, დილაობით ჩაი მირჩევნია, მაგრამ თუ დრო არ მაქვს, შეიძლება, უცებ ყველი და პური ან ვაშლი შევჭამო, რადგან დილით ჭამა აუცილებელია. თუ ისე მოხდა, რომ შინიდან უჭმელი გავედი, დღე ცუდად მიდის, სათანადოდ მუშაობასაც ვერ ვახერხებ.


- ამის შემდეგ საით გაქვს გეზი აღებული?
- მაგალითად, გუშინ შვიდ საათზე ავდექი, რვის ნახევარზე უკვე მძღოლმა გამომიარა, მივედი სალონში თმის მოსაწესრიგებლად, შემდეგ გრიმი გამიკეთეს და მერე უკვე ქალაქგარეთ გადაღებაზე წავედი, "დეტექტივების" მეორე სეზონის გადაღებას ვგულისხმობ. 


- მახსოვს, პირველი სეზონის გადაღება საკმაოდ რთულ პირობებში მოგიხდათ, ახლა რო­გორაა საქმე?
- ანალოგიურად, ძალიან რთულ პირობებში ვმუშაობთ. რამდენიმე დღის წინ სამ საათზე დავბრუნდი სახლში და ეს დიდი ბედნიერება იყო, ზოგჯერ დილის რვა საათამდე გვიწევს გადასაღებ მოედანზე ყოფნა.


- რატომ გრძელდება ასე გვიანობამდე გადაღებები?
- ბევრი ნიუანსის გამო. ხშირად გარეთ გვაქვს გადაღება და ამიტომ ღამე ვმუშაობთ, ხან გაუთვალისწინებელი დეტალები იჩენს თავს და გვიგრძელდება მუშაობა, ხან ამინდი არ გვიწყობს ხელს.


- რაც შეეხება შენს გმირს, რაიმე ცვლილებას ხომ არ შემოგვთავაზებ ახალ სეზონში?
- განსაკუთრებულს არაფერს.


- შენი გმირის პირადი ცხოვრება ხომ არ წამოიწევს წინ?
- ძალიან მინდა, რომ წამოიწიოს. პირველ სეზონშიც ვითხოვდი, რომ მაქსიმალურად გააქტიურებულიყო ჩემი პირადი ცხოვრება, რადგან მაყურებელს ეს აინტერესებს.


- პარტნიორებთან დაკავშირებით რას გვეტყვი, ახალი სახეები ხომ არ დაგემატნენ?
- მთავარი როლის შემსრულებლები ისევ იმავე შემადგენლობით ვართ, თუმცა ეპიზოდურ თუ მეორეხარისხოვან როლებში ახალი სახეებიც გამოჩნდებიან. ამ გადაღებების "გადამკიდემ" თითქმის მთელი საქართველო მოვიარე, მგონი, არ დარჩა ადგილი, სადაც არ ვყოფილვარ. წინა გადაღებაზე ისეთ ადგილას წაგვიყვანეს, რომ აპარატურით დატვირთული მანქანა დიდი თოვლის გამო ვერ მივიდა დანიშნულების ადგილამდე და გადაღება ჩაიშალა. 


- თან ამ სიცივეში ალბათ იყი­ნებით...
- კი, მართლა ასეა. დაღლას კიდევ აიტანს ადამიანი, მაგრამ თან რომ იყინები, ეს უკვე რთულია. გუშინ საღამოს გადაღება საციგურაო მოედანზე გვქონდა და მთელი საღამო თხელი ფეხსაცმლით ყინულზე დგომა მომიხდა, კინაღამ მართლა გავიყინეთ.


- როგორც მივხვდი, გადაღებებით ძალიან ხარ დაკავებული, თეატრში როგორ გაქვს საქმე, რეპეტიციებსა თუ სპექტაკლებზე ახერხებ მისვლას?
- კი, ძალიან მიწყობენ ხელს და როცა სპექტაკლი მაქვს, მიშვებენ სათამაშოდ. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, სპექტაკლის შემდეგაც გადაღებაზე მივბრუნებულვარ და დილამდე იქ ვყოფილვარ. გარდა ამისა, ვცდილობ, თავისუფალი დრო მეგობრებთან გავატარო, რათა დადებითი მუხტი მივიღო და მარტო საქმით არ ვიყო დაკავებული. კარგია, როცა დაკავებული ხარ, მაგრამ მარტო ეს ხომ არ არის საკმარისი?! პირველი სეზონის დროს იმდენად გადაღლილი ვიყავი, დასვენების დღეებშიც კი სახლიდან გასვლა არ მინდოდა. იმ პერიოდს რომ გადავხედე, მივხვდი, რომ ცხოვრებას მოვწყდი. ახლა კი მაქსიმალურად ვცდილობ, თავისუფალი დრო მეგობრებსაც დავუთმო ან გავერთო, რადგან დრო გადის და უკან რომ მიიხედავ, მუშაობის მეტი არაფერი შეგრჩება. ეს კი კარგია, მაგრამ დაღლილობის მიუხედავად, მეგობრები, ახლობლები და ურთიერთობები, რისთვისაც ვცხოვრობთ, არ უნდა დავივიწყოთ.


- რადგან გართობა და მეგობრები ახსენე, აქვე გვითხარი, როგორი გართობა გიყვარს, აქტიური თუ პასიური?
- უფრო სიმშვიდის მოყვარული ვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მიწევს სხვადასხვა პრეზენტაციაზე წასვლა თუ კლუბების სტუმრობა, თუმცა ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად რაც მჭირდება, სიმშვიდეა. როცა შინაგანად მშვიდად და წყნარად ხარ, თითქოს ბედნიერებას უახლოვდები, ამიტომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


- ძილის გარდა, დატვირთული რეჟიმის გამო ყველაზე მეტად რის დეფიციტს, რის დანაკლისს განიცდი?
- ჩემი მეგობრების უმრავლესობა ბაკურიანშია და მე ვერ წავედი, ცოტა ხნის წინ ჩემი უახლოესი მეგობრის ქორწილი იყო და სამწუხაროდ, ვერ მივედი. ასევე, უკ­ვე კარგა ხანია მინდა მანქანის ტარების სწავლა და დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებ. საერთოდ, მიყვარს, როცა წლის განმავლობაში რაღაცას ვმატებ საკუთარ თავს, ეს მავსებს და მსიამოვნებს. სწორედ ამის დანაკლისი მაქვს ამ რეჟიმის გამო. 


- მოდი, ახლა შევეხოთ ისეთ თემას, რომელიც და­კ­­ავშირებულია დი­ასახლისობასა და სა­შინაო საქმეებთან. როცა გცალია, სახლში თუ ფუსფუსებ?
- კი, ხშირად აღ­ვნიშნავ, რომ სიმშვიდესთან ერთად ძა­ლიან მიყვარს წესრიგი. აქ­ედან გამომდინარე, მიყვარს სახლის დალაგება, ყველაფრისთვის თავისი ადგილის მიჩენა და როცა დრო მაქვს, ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. რაც შეეხება დიასახლისობას, ამასაც ვართმევ თავს. ზაფხულში მეგობრები გემრიელი რაღაცების მომზადებაზე მეთამაშებიან ხოლმე (იღიმება), მერე მანქანით ძალით მივყავარ პროდუქტის საყიდლად და მაკეთებინებენ მათთვის სასურველ კერძს.


- ალბათ გემრიელი ხელი გაქვს...
- ასე ამბობენ და ძალიან მიხარია.


- ლელა, სურსათის საყიდლად თუ გაიშვები?
- კი, ბავშვობაში, როცა პროდუქტის საყიდლად მივდიოდი, გამყიდველს ვეუბნებოდი, ცუდი არ ჩამიდოთ, თორემ სახლში მეჩხუბებიან და უკან გამომატანენ-მეთქი (იცინის). ახლა ამას ვერ ვეტყვი, მაგრამ ცუდ პროდუქტსაც არ წამოვიღებ, რადგან როცა რამეს ვყიდულობ ან ვაკეთებ, ისეთ პროდუქტს ვარჩევ, რომელიც მომეწონება და გემრიელიც იქნება.


- დასასრულ, ისიც გვითხარი, როგორ ასრულებ დღეს, ძილის წინ კითხვა ხომ არ გჩვევია, თუ ისეთი დაღლილი ბრუნდები შინ, რომ დაძინების მეტი არაფერი გინდა?
- უმეტეს შემთხვევაში არაფრის თავი არ მაქვს და ეგრევე ვიძინებ, მაგრამ ისეც ხდება, რომ გადაღლილობის გამო ვეღარ ვიძინებ და კითხვით ან ტელევიზორის ცქერით ვიქცევ თავს. თუმცა საკუთარ თავს მაინც დაძინებას ვაძალებ ხოლმე (იღიმება).

Комментариев нет:

Отправить комментарий