понедельник, 12 сентября 2011 г.

ლევან ჯიბღაშვილმა ცოლად შეირთო ლელა მებურიშვილი

სერიალმა “დეტექტივები” ტაიმაუტი აიღო. მისი მონაწილე მსახიობებიც სხვა საქმეებზე გადაერთვნენ. ლევან ჯიბღაშვილი და ლელა მებურიშვილი დროს უქმად არ კარგავენ და ახალი, სერიოზული პროექტებისთვის ემზადებიან. ახალგაზრდა მსახიობები სწორედ ამ სერიალმა დაამეგობრა. სხვათა შორის, პირველად ლელას არცთუ კარგი წარმოდგენა შეექმნა ლევანზე, მაგრამ დროთა განმავლობაში ცუდი შთაბეჭდილება გაქარწყლდა და დღეს უკვე კარგი მეგობრები არიან, თუმცა თვლიან, რომ მათ ურთიერთობას წინ კიდევ ბევრი გამოცდა ელის. ხშირად კამათობენ ამა თუ იმ ცხოვრებისეულ საკითხზე, ხანდახან კი ერთმანეთს ცხელ–ცხელ ჭორებს ატყობინებენ, მათ შორის – საკუთარ თავზეც.
– სერიალამდე ერთმანეთზე რა იცოდით?
ლელა: სერიალის გადაღებების დაწყებამდე ერთმანეთს არ ვიცნობდით.
ლევანი: ჩვენს მეგობრობას გადაღებების პირველივე დღიდან ჩაეყარა საფუძველი. მეგობრობის ტვირთს მას შემდეგ ვეზიდებით.
ლელა: ვაიმე, ლევან, იცი, მე დღეს მართვის მოწმობა ავიღე!
ლევანი: შემშურდა!
ლელა: შეგშურდებოდა, აბა, რა! შენ თვითონ მართვის მოწმობის გარეშე დადიხარ.
ლევანი: თუ გინდა, ჩემს მანქანას გათხოვებ ან გაჩუქებ.
ლელა: რომ იცოდეთ, ლევანი რა გაუსაძლისი ადამიანია!
– სერიალის დაწყებამდე ალბათ შორიდან იცნობდით ერთმანეთს.
ლევანი: ლელას ძალიან შორიდან ვიცნობდი. გამარჯობის დონეზეც კი არ გვქონდა ურთიერთობა. ახლა კი ვიცი, რომ ლელას თაყვანისმცემლების ზღვა ჰყავს.
ლელა: მე წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო ლევან ჯიბღაშვილი. როცა ჩამომითვალეს, ვინ ვითამაშებდით სერიალში, მხოლოდ ლევანს არ ვიცნობდი. ვიკითხე, ვინ არის ეგ ბიჭი–მეთქი. ამიხსნეს, ერთი ხუჭუჭა ბიჭიაო.
ლევანი: ხუჭუჭა არასოდეს ვყოფილვარ!
ლელა: როგორ არა! თან ძალიან ხუჭუჭა თმა გქონდა. ასე ცდილობდნენ, მიეხვედრებინათ, ვინ იყო ლევანი, მაგრამ მაინც ვერ გავიხსენე. სხვათა შორის, უნდა გითხრათ, როცა ლევანი პირველად ვნახე, საშინლად არ მომეწონა. ნერვები მომიშალა. როცა რეჟისორი გაგვესაუბრა, ლევანმა ზურგი შემაქცია და ასე ზურგშექცევით დადგა. შემდეგ ნელ–ნელა მივხვდი, რომ კარგი ადამიანი იყო და დავმეგობრდით. მაშინ ლევანი ისე გაფაციცებით უსმენდა რეჟისორს, რომ ალბათ მე საერთოდ არ ვახსოვდი.
ლევანი: როცა ლელა გავიცანი, ნელ–ნელა აღმოვაჩინე, რომ სუფთა სულის ადამიანია, ძალიან თბილი და ყურადღებიანი. ასეთები კი ამ ცხოვრებაში ძალიან იშვიათად თუ შეგხვდებათ. ამას მთელი სერიოზულობით ვამბობ.
– ლევან, წეღან თქვით, ლელას ზღვა თაყვანისმცემლები ჰყავსო. იცნობთ მათ?
ლელა: მე არასოდეს ვლაპარაკობ ჩემს თაყვანისმცემლებზე.
ლევანი: შენი ლაპარაკი რად მინდა, ფაქტი სახეზეა! ყველგან შეიძლება წააწყდე ლელას თაყვანისმცემლებს.
– თქვენი მეგობრებიც ხომ არ გთხოვენ ლელას გაცნობას?
ლევანი: კი, როგორ არა. ლელას გაცნობა ყველას უნდა, მაგრამ რატომღაც მე მის გვერდით ვერავინ წარმომიდგენია. ეს არცაა გასაკვირი, თავის გვერდით თვითონ ვერ წარმოუდგენია ვერავინ და მე როგორ უნდა წარმოვიდგინო?!
ლელა: დავბერდი, დავბერდი…
ლევანი: ლელა ჯერ შეყვარებული არ არის.
– ლელა, როცა ინტერვიუს შესათანხმებლად დაგირეკეთ, მითხარით, გოგოებთან არ ვმეგობრობ, ჩემი მეგობრების სიაში სულ ბიჭები არიანო. ბიჭებს უფრო კარგად უგებთ?
ლელა: რატომღაც ისე მოხდა, რომ ცნობად ბიჭებთან უფრო ვმეგობრობ, ვიდრე გოგოებთან. სინამდვილეში კი მგონია, რომ გოგოებს უფრო კარგად ვუგებ, ვიდრე ბიჭებს.
– რა საერთო თვისებები იპოვეთ ერთმანეთში?
ლელა: არის საკითხები, რომლებზეც მე და ლევანს ზუსტად ერთნაირი შეხედულება გვაქვს, მაგრამ ძალიან ბევრი რამაა, რაშიც ერთმანეთს არ ვეთანხმებით და ამის გამო ვკამათობთ. საბედნიეროდ, ჩვენს მეგობრობაში ეს გადამწყვეტი არ აღმოჩნდა, რადგან კამათს მაშინვე ვივიწყებთ.
– მაგალითად, რაზე კამათობთ?
ლევანი: ბევრ ცხოვრებისეულ საკითხზე.
ლელა: ალბათ ასე მარტივად და მოკლედ ვერ ავხსნით. ყოველდღიურ თემებზე, რაღაც წვრილმანებზე შეგვიძლია დაუსრულებლად ვიკამათოთ. მე ვამტკიცებ, რომ ეს რაღაც ასეა, ლევანი საპირისპიროს ამბობს. ხანდახან მეთანხმება იმაში, რასაც ვამბობ, მაგრამ მაინც სხვანაირად იქცევა.
ლევანი: ეს ჩვეულებრივი მომენტია. შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ძალიან ახლო მეგობართან მოუვიდეს კამათი.
ლელა: ხანდახან დაშვებულ შეცდომებს ასწორებს კიდეც. მე და ლევანი, ძალიან დიდი ხანი არ არის, რაც ვმეგობრობთ და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ვნახოთ, რამდენად გაუძლებს ჩვენი მეგობრობა დროს და ქარტეხილებს.
ლევანი: მე ვთვლი, რომ გაუძლებს და უფრო მაგარი მეგობრები გავხდებით, ვიდრე დღეს ვართ. მე და ლელამ მეგობრობის გარკვეული ეტაპები გავიარეთ და დღეს გაცილებით უკეთესად ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით.
– როგორ აფასებთ ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე?
ლევანი: ერთია, იყო კარგი მსახიობი და მეორეა, იყო კარგი პარტნიორი. გადასაღებ მოედანზე კარგ პარტნიორობას ბევრი ძალიან მაგარი მსახიობი ვერ გაგიწევს. შემიძლია გითხრათ, რომ ლელა ჩემთვის იდეალური პარტნიორია. ხანდახან მსახიობები ერთმანეთს არასწორ რეპლიკებს ვეუბნებით და ეს ცუდია. ლელას მსახიობური ურთიერთობები არასოდეს ეშლება. როცა რაღაცას მირჩევს, ყურადღებით ვუსმენ და ვხვდები, რომ მართლაც ჩემ სასარგებლოდ ლაპარაკობს.
– დამღლელი გადაღებების შემდეგ ალბათ ხშირად მიდიხართ ერთად სადმე გასართობად და დასასვენებლად.
ლევანი: ყველა გადაღების შემდეგ ვაპირებდით სადმე წასვლას, მაგრამ…
ლელა: …იმდენად ვიღლებოდით, რომ ყველას ერთი სული გვქონდა, როდის წავიდოდით სახლებში და დავისვენებდით. ახლა, რაც გადაღებები დამთავრდა, ხშირად ვართ ერთად.
– ლევან, რეალურად რას ფიქრობთ დეტექტივ ქალებზე?
ლევანი: ჩემს საახლობლოში დეტექტივი გოგო არ მყავს. ვფიქრობ, რომ ქალისთვის ძალიან რთული პროფესიაა. მე და ლელამ ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ. არ იცი, როდის რა მოხდება, ლულას როდის დაგიმიზნებენ… ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, სხვის სიცოცხლეზე აგებ პასუხს.
ლელა: ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი ამ ყველაფერს ვერ გაუძლებს. ძალიან ძლიერი უნდა იყო. შეიძლება შენმა გადაწყვეტილებამ ვიღაცას ცხოვრება დაუნგრიოს. მე რეალურად ვერანაირად შევძლებდი დეტექტივობას.
ლევანი: ამ პროფესიის ხალხს პირადი ცხოვრება საერთოდ არ გააჩნია. მე გავართმევდი თავს დეტექტივობას, ჩემთან ძალიან ახლოსაა.
ლელა: ლევანს ყველა დეტალი აინტერესებს, მე იარაღიც კი არ მიყვარს. გადაღებაზე ძალით მკიდებდნენ ხოლმე. სულ იმას ვწუწუნებდი, მაინც არ ჩანს და არ გამიკეთოთ–მეთქი, ამას – პირიქით, პირველ რიგში, იარაღი ახსოვდა.
– ლევან, დეტექტივ ცოლს შეეგუებოდით?
ლელა: ჯერ საკითხავი ისაა, ლევანი საერთოდ ცოლს თუ შეეგუება.
ლევანი: შენ შეგეგუები.
– ანუ ლელას ცოლად მოიყვანდით?!
ლელა: ჰა, გამოტყდი, ჩემზე რომ ხარ შეყვარებული.
ლევანი: მართლა ძალიან მიყვარს ეს ადამიანი, ოღონდ მხოლოდ მეგობრულად. ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
ლელა: ჩვენზე რომ თქვან, შეყვარებულები არიანო, მაინც არავინ დაიჯერებს.
ლევანი: ხანდახან, როცა ლელაზე რაღაც ჭორს გაიგებენ, გაკვირვებულები მეკითხებიან, მართლა ასეა თუ არაო. ერთხელ ლელას დავურეკე კიდეც, გათხოვილხარ და ქორწილში არ მეპატიჟები–მეთქი.
ლელა: ახლა უკვე ყველა ჭორზე მეცინება. მადლობა ღმერთს, რომ ისეთი საშინელი რაღაცეები არ გამიგია, რაზეც გავღიზიანდებოდი.
– ზაფხულისთვის რა გეგმები გაქვთ?
ლევანი: მინდა, კარგად დავისვენო. პარალელურად რაღაც საქმეებზე ვმუშაობ. ერთ–ერთი ძალიან დიდი პროექტის გენერალურ ივენთ მენეჯერად შეიძლება დავინიშნო.
ლელა: მეც რამდენიმე პროექტის დაწყებას ველოდები. თუ ეს ყველაფერი შედგება, ამ ზაფხულს დასვენებას ვერ შევძლებ. დროს უქმად არ ვკარგავ. ბოლოს და ბოლოს მართვის მოწმობა ავიღე. ახლა ველოდები მანქანას, რომელსაც კეთილი ადამიანები მაჩუქებენ!
– ერთმანეთის ოჯახებს იცნობთ?
ლევანი: ლელას ძმა, ბაჩო და მე კარგი მეგობრები ვართ. სპექტაკლიდან გავიცანით ერთმანეთი. ლელა ჯერჯერობით არ იცნობს ჩემი ოჯახის წევრებს, მაგრამ აუცილებლად გავაცნობ.
– “დეტექტივებში” რომ დაგაწყვილონ, არ გინდათ?
ლელა: მოვითხოვეთ, რომ ჩვენს გმირებს პირადი ცხოვრება შეუქმნან. მგონი, მომავალ სეზონში ამას მივაღწევთ. რაც შეეხება ჩვენს წყვილს, ვფიქრობ, რომ ერთმანეთს არ შევეფერებით.
ლევანი: თუმცა გამორიცხული არაფერია.

Комментариев нет:

Отправить комментарий